ჩვენს შესახებ

ჩვენი მეურნეობის ისტორია

  ჩვენ ვამზადებთ ძველი ტრადიციული მეთოდით სხვადასხვა სახის სასოფლო–სამეურნეო პროდუქტს და ამით ვუმასპინძლდებით ადგილზე მოსულ სტუმრებს. ჩვენი ვენახი ამ ეტაპზე გაშენებულია 2 ჰექტარზე, რომელსაც ბიოდინამიური მეთოდით ვამუშავებთ. ჩვენ ვენახს ათამდე სხვადასხვა სახეობის მცენარის ნახარშისგან დამზადებულ ხსნარით ვწამლით და ვაზის მოვლის დროს არ ვიყენებთ არანაირ აგროქიმიკატებს, რადგან პესტიციდები დროთა განმავლობაში ვაზს აზიანებს, ღვინოს გემოს უკარგავს და მიწას აბინძურებს.

  ვენახში უძველესი ქართული ჯიშის ვაზი გვაქვს ჩაყრილი და მას ბიოდინამიური მეთოდით, მთვარის კალენდრით და საკუთარი ხელით, ყოველგვარი შხამქიმიკატის გამოყენების გარეშე ვამუშავებ. მიწის ბიოდინამიური დამუშავება შვეიცარიაში ყოფნის დროს ვისწავლე, მაგრამ ამ მეთოდს ადრე ჩვენი წინაპრებიც იყენებდნენ, თუმცა დღეს მივიწყებულია. მიწას ვუვლი სასუქებით, რადგან ის მოსავლიანია და არანაირი აგროქიმიკატის გამოყენება არ არის საჭირო. მეურნეობაში მხოლოდ ვიყენებთ ბორდოს ხსნარს, 50 გრამს ვხსნით 100 ლიტრ წყალში, ეს არის სპილენძის ნაერთი, რაც სასარგებლოა ვაზისთვის. ამაზე მეტ წამალს არ ვხმარობთ, რომ არ დავაბინძუროთ მიწა. მხოლოდ ვიყენებთ ბალახის ნაყენებს და ამ სპილენძის შემცველი ხსნარის გამოყენებაც მინიმალურ დონეზე დაგვყავს. ვხმარობთ შრატის ნადუღს, ტირიფის და მუხის ქერქის ნაყენს, ხახვის ფოჩის ნაყენს, სვიტას (ე.წ ,,ჯორისძუა“) ჭინჭრის ნაყენს, გვიმრის და ნივრის ნაყენს და ასევე იმ კომპოსტებს, რომლებიც ერთმანეთთან შეთავსებით იძლევა ძალიან კარგ შედეგს. მიწა და ვაზი თუ არ იქნება ძლიერი, მოსავალს ვერ მიიღებ. იმ შემთხვევაში თუ მევენახემ რამე დააკლო და ვაზის მოვლის ჯაჭვი დაარღვია, ყურძენი კარგავს იმ ხარისხს და არომატს, რაც უნდა ჰქონდეს. რაც მეტად ბუნებრივად ყოველგვარი აგროქიმიკატების გარეშე მოგყავს მოსავალი, უფრო ხარისხიანია და გემრიელი. ბევრს ჰგონია, რომ თუ აგროქიმიკატებს არ შეიტანს მიწაზე, მოსავალს ვერ მიიღებს. მე მინდა დავამტკიცო ის, რომ ყოველგვარი წამლის გარეშე ბუნებრივი და ბიო დანამატებით შეიძლება მივიღოთ კარგი მოსავალი. თუ მევენახე არ დააკვირდა ვენახში მიწის ტენიანობას, ვაზს და არ აქვს ყოველდღიური შეხება მასთან, აგროქიმიკატით 12–ჯერ მოწამვლით შედეგს ვერ მიიღებს - გიორგი ალადაშვილი

  რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა არ მოიცავს მხოლოდ ერთ მიმართულებას. გარდა ვენახის და ღვინის წარმოებისა, ჩვენ მოგვყავს ხორბალი, გვაქვს ღორების ფერმა და გვყავს კახური ჯიშის ღორები, რომლებიც გადაშენების პირას არიან. ასევე მივდევთ მეფრინველეობას და გვყავს ფუტკარი. გარდა ამისა, ძველი ქართული მეთოდით ვამზადებთ მურაბებს, ჯემებს, ველური ხილის ჩირს და ჩურჩხელას. ხილს სოფელში მცხოვრები მოსახლეობისგან ვიბარებთ. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რადგან ადგილობრივებს შემოსავალი უჩნდებათ. ვიბარებთ კარალიოკს, მაყვალს, კენკროვან ხილს და სხვა.

  ბევრი ადგილობრივი მიდის ახლომდებარე ტყეში და აგროვებს ხილს, რომ შემდეგ ჩვენთან ჩააბაროს და შემოსავალი მიიღოს. ამ ხილისგან გაკეთებულ ჩირებს ვყიდით მოსულ ტურისტებზე. იმის გამო, რომ ეს ყველაფერი არის სეზონური და ცოტა რაოდენობით ვაწარმოებთ, მაღაზიებში არ შეგვაქვს. მთავარია ის, რომ ამ ყველაფერს ძველი ქართული ტექნოლოგიით ვამზადებთ. მაგალითად: ჩურჩხელას ვამზადებთ, ისე როგორც ადრე ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ. გემრიელი ჩურჩხელის დასამზადებლად აუცილებლად გვჭირდება ნაბოლარა გოგრის და წვრილად დაფქვილი რამდენიმე ბროწეულის ქერქის მოხარშვა, ამაში შემდეგ ვხარშავთ ბადაგს და ვავლებთ მთლიანი ნიგოზით ასხმულ ჩურჩხელას, რომელიც ძალიან კარგი და გემრიელია. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ის ძველი ტრადიციული მეთოდები, რომლებსაც ჩვენი წინაპრები იცავდნენ.

  ჩვენ სამომავლოდ ვგეგმავთ ჩამოვაყალობოთ აგროტურისტული ცენტრი, რომელიც გააერთიანებს ხილის ჩირის საშრობს, წისქვილს, კახურ მარანს და ღვინის სადეგუსტაციო ოთახს. ასევე სამომავლო გეგმაში გვაქვს კახეთის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც ბიომეურნეობის შექმნა და ვაზის ქართული ჯიშების აღდგენა.

ახალი & არა-GMO პროდუქცია

ჩვენ ვამზადებთ საქართველოში ყველაზე ნატურალურ და სუფთა პროდუქტს, ყოველგვარი დანამატების გარეშე.

ახალი პროდუქტი

ჩვენ გთავაზობთ ახალ, ჯანსაღ საკვებ პროდუქტებს, რომელიც არის ბიოლოგიურად სუფთა.

ადგილობრივი

ჩვენ ვაწარმოებთ ჩვენს პროდუქცია ადგილზე, იქნება ეს, საკვები პროდუქტი თუ ღვინო.

ნატურალური

ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქცია არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატებსა და "გმო"-ს.

მოშორებით

ჩვენ ვართ ქალაქიდან და ხმაურიდან მოშორებით, რაც გაძლევთ საშუალებას დაისვენოთ უკეთესად.

სუფთა წყალი

ჩვენს მეურნეობაში ისევე როგორც საკვები პროდუქტი, ასევე წყალიც არის სუფთა და ნატურალური.

სუფთა ჰაერი

რაც შეეხება ჰაერს, მის სისუფთავეს განაპირობებს ის რომ ჩვენ ვართ ქალაქიდან შორს.